გრანტი
პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო სივრცეში ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სწავლება, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის ლექტორების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
კურსის მიზანია, დაწყებითი განათლების ბაკალავრის სტუდენტებისთვის, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება და მათი მომზადება პროფესიული გადაწვის პრევენციისათვის. კურსი, მომავალ მასწავლებლებს დაეხმარება, მართონ საკუთარი ემოციები და ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი იმუშავებენ.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: ფსიქოსოციალური კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ურთიერთობები, საკუთარი თავის შეცნობა, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესის მართვა, ბულინგი მოსწავლეებში, ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები, პოზიტიური ფსიქოლოგია და ა.შ.
ამ ეტაპზე, კურსი ხელმისაწვდომია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, დაწყებითი განათლების მომავალი მასწავლებლებისთვის.
სამომავლოდ, დაგეგმილია ლექტორების მომზადება 5 უნივერსიტეტიდან: ილიას, თელავის, ქუთაისის, ბათუმის და კავკასიის უნივერსიტეტიდან. გადამზადებული ლექტორები, მოდულს მიაწვდიან დაწყებითი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
კურიკულუმი შედგება 15 სტრუქტურირებილი გაკვეთილისგან, რომელიც მოიცავს ემპირიულ ინტერაქციულ აქტივობებსა და დისკუსიებს.
მოდულის მიზანია
- ვისწავლოთ მეტი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის შესახებ;
- გამოვიმუშაოთ უნარები, რომელიც დაგვეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში;
პროექტი შედგება ორი საფეხურისგან:
1) უნივერსიტეტის ლექტორების ტრენინგი, პროექტი ტარდება 3 დღის განმავლობაში და მოიცავს 15 თემას.
2) ტრენინგ-გავლილი ლექტორები ჩაატარებენ 15 ლექციას/ვორქშოპს დაწყებითი განათლების სტუდენტებთან.
პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე, 2023 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე.
ფონდი გრანტის სახით გადასცემს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ სახსრებს არაუმეტეს 24,359 აშშ დოლარის ოდენობით.
გრანტის მიმღები
გრანტის მიმღებია ა(ა)იპ შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო“. ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო 2009 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული სოციალურად და პოლიტიკურად ღია და აქტიური საზოგადოების მხარდაჭერაა. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო ეძებს გზებს ისეთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან თანამშრომლობისათვის, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.
ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის (BBSA) შვილობილი ორგანიზაციაა. ალიანსი 2008 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა რიგაში 2008 წლის ქართულ – რუსული ომის საპასუხოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დასაცავად.
პროგრამა „გავიღიმოთ“ აგებულია პოზიტიური ფსიქოლოგიის პრინციპებზე და მიმართულია ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევაზე განათლების სისტემაში. ამ პროგრამის პირველი პროექტი ჩატარდა 23 სკოლაში 2021-2022 წლებში, რაც მოიცავდა სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებას მე-7 კლასის მოსწავლეებში.
პროექტი განხორციელდა ჩეხ კოლეგებთან თნამშრომლობით და მოიცავდა ორ ასპექტს:
ა) მასწავლებელთა ტრენინგები სოციალურ-ემოციურ უნარებსა და გადაწვის პრევენციაში;
ბ) მე-7 კლასის 12-13 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის SEL/MHL-ის სწავლება. პროექტში მონაწილეობა მიიღეს 23 სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა;
პროექტი დასრულდა 2022 წლის ოქტომბერში. პროექტმა გამოიმუშავა სასწავლი მასალები (კურიკულუმი, კითხვარები, მასწავლებლის სახელმძღვანელო და მოსწავლეთა ჟურნალები), რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ბმულზე – https://vsechpetpohromade.cz/ge/
ამჟამინდელი პროექტი არის წინა პროექტის გაგრძელება, რომელიც ჩატარდება უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს, მომავალ მასწავლებლებს დავეხმაროთ საკუთარი სოციალური უნარების და დადებითი ემოციების გაძლიერებაში. ეს მომავალში დაეხმარება მასწავლებლებს, სწავლების პროცესში პოზიტიური მუხტის შემოტანაში, რაც სკოლის გარემოს უფრო ჯანსაღს და მიმზიდველს გახდის.