გრანტი
პროექტის მიზანია, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე, და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.
პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებო რესურცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა პროცესებმა, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა მისთვის ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. სკოლებს უმოკლეს ვადაში დასჭირდათ გადაწყობა ტრადიციული სასკოლო გარემოდან ვირტუალურ სასწავლო პროცესებზე.
მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებში დისტანციური განათლების ფორმები სწრაფად ვითარდებოდა პენდემიამდეც. განათლების თანამედროვე პარადიგმაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. „შერეული სწავლების“ (blended learning) როლიცა და ხვედრითი წილიც. პანდემიის ტალღის გადავლისა თუ განმეორების მიუხედავად, განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების დისტანციურმა მოდელმა უფრო აქტიურად დაიწყო დამკვიდრება და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.
უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ამ პრაქტიკის დიდი ხნის განმავლობაში არსებობისაგან განსხვავებით, ქართული საზოგადოებისათვის ეს სრული ფორსმაჟორი აღმოჩნდა. სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მცდელობების და გატარებული ღონისძიებების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც შინაარსობრივი და ტექნიკური, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ამ პროცესის სწორი და ხარისხიანი მართვის თვალსაზრისით. ეს ეხება როგორც სწავლა-სწავლების, ისე მშობლებთან კომუნიკაციის, ტექნიკური გამართულობის მხარეებს და ზოგადად, მთელი პროცესის ადმინისტრირებას. სკოლის დირექტორებისთვის კი, ცალკეული ვებინარებისა და ზოგადი რეკომენდაციების გარდა, არ არსებობს ერთიანი რესურსი, რომელიც კონსოლიდირებულად მიაწოდებდა მათ ინფორმაციას დისტანციური სწავლების სამართავად გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი
პროექტი დაიწყო 15 სექტემბერს, 2020 წლის და დასრულდება 15 მარტს, 2021 წლის.
გრანტის მიმღები
“საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია” 2017 წლის აპრილში დაფუძნდა. მისი უმთავრესი მიზანია საქართველოში ხარისხიანი მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა ზოგადი განათლების სფეროში. ორგანიზაცია აერთიანებს სკოლის მოქმედ დირექტორებს, მოადგილეებს, ხარისხის მართვის მენეჯერებს, რომლებიც იზიარებენ იმ ხედვას, რომ ქართულ სკოლებში აუცილებელია მართვის თანამედროვე პარადიგმების დამკვიდრება, რაც, უმთავრესად, გულისხმობს სკოლის ხელმძღვანელის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, წარმოჩენას, ხოლო სკოლის გააზრებას იმ სივრცედ, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას ემსახურება. ასოციაცია ამ მისიის შესრულებას, ერთი მხრივ, ამ საქმიანობის პოპულარიზებითა და ახალი, პერსპექტიული მენეჯერების დაინტერესებით გეგმავს, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სერვისებისა და საგანმანათლებლო პროდუქტების შეთავაზებით, რომლებიც მოქმედ ადმინისტრატორებს ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაუმჯობესებაში.