გრანტი
პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარება ერთის მხრივ, მათი საგანმანათლებლო დებატების პროცესში ჩართულობისა და დებატკლუბის ქსელის განვითარების გზით და მეორეს მხრივ, ადგილობრივი პედაგოგების პროფესიული განვითარების საშუალებით. პროექტი მოიცავს სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების მომზადებას არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო სასწავლო ინსტრუმენტის, ფორმალური დებატების ტექნიკის კუთხით.
პროექტი ორიენტირებულია მომავალ თაობაში ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა, რაც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობის დროს გამოადგება.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დებატების კლუბების გახსნა/გაძლიერება
- მასწავლებლებისა და მოსწავლეების მომზადება დებატების ტექნიკაში
- დებატკლუბის წევრების მონაწილეობა დებატების ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებში
- საჯარო გამოსვლების სწავლება მოსწავლეებისათვის და რეგიონული და ეროვნული კონკურსების ჩატარება ამ მიმართულებით
- სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნა და დანერგვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის
- სპეციალური კვლევის ორგანიზება არაფორმალური დებატებისა და საგანმანათლებლო პროცესზე ზემოქმედების შესაფასებლად
პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი
- მასწავლებლების მომზადება -24 თებერვალი
- კლუბების გახსნა – 20 მარტი
- სასწავლო კურიკულუმის განხილვა – 27 მარტი
- საჯარო დებატები – 15 მაისი
- დებატების ტურნი – 15 ივლისი
- პროექტის დახურვა – 15 აგვისტო
გრანტის მიმღები
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ დაარსდა 2009 წელს, მისი დამფუძნებლები და გამგეობის წევრები 1998 წლიდან ასწავლიან ფორმალურ დებატებს სქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გააჩნიათ საერთაშორისო ტურნირებზე მსაჯობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, შექმნილი აქვთ დებატების სასწავლო სახელმძღვანელოები. ორგანიზაცია „საერთაშორისო დებატების საგანანმანათლებლო ასოციაციის (IDEA)“ წევრია და მისი ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში გამართული და დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო/ფორმალური დებატების სწავლების გზით.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ საგანმანათლებლო პროექტები თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომლებიც ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.
პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა: საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.