გრანტი
ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს ხვალ.
პროექტის ამოცანები და საქმიანობის მიმართულებებია
ფონდის მიერ ინიცირებული „მომავალი პედაგოგი“ წახალისების სასტიპენდიო პროექტია. იგი 2020 წლიდან პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხორციელდება და თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს 70-მდე სტიპენდიანტი ჰყავს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ძირითადი აქტივობების განრიგი
ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს ხელი მოეწერა 2020 წლის 22 ივლისს და მისი ხანგძლივობაა ერთი აკადემიური წელი.
გრანტის მიმღები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. უნივერსიტეტი ღირსეული გამგრძელებელია იყალთოს აკადემიის (XII საუკუნე), თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის (1758-1782), სასულიერო სემინარიის (1782-1801), სასულიერო სასწავლებლის (1818-1918), სამასწავლებლო ტექნიკუმის (1924-1939), სამასწავლებლო ინსტიტუტის (1939-1951) და პედაგოგიური ინსტიტუტის (1951-1999) მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციებისა. 1939 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. აქ სწავლება მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს განახლებული პროგრამებით და იგი სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. უნივერსიტეტში მუშაობს აგრეთვე პროფესიული განათლების საფეხური.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული რეგიონული უნივერსიტეტია. მაღალია საზოგადოების მოლოდინი უნივერსიტეტის მიმართ. მას ენდობა მხარის მულტიეთნიკური მოსახლეობა. მისი დანიშნულებაა საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის ხელის შეწყობა.
სსიპ- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1990 წელს დაარსდა, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, თავიდანვე ფართო გეგმებს ისახავდა მიზნად. მისი შექმნა განაპირობა აღმავალი ეროვნული მოძრაობის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა საერთო საზოგადოებრივმა აზრმა.
სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელიც ორი უმაღლესი სასწავლებლის – სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ-ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.
1935 წლის აგვისტოში გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომელიც 1939 წელს გადაკეთდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად ოთხწლიანი სწავლებით. ინსტიტუტმა მიიღო დიდი ქართველი პოეტის ნ. ბარათაშვილის სახელი. 1985 წელს მოხდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ინსტიტუტს ეწოდა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი, 1997 წლიდან კი – გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1999 წლის 16 ივლისს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც ძირითადად პედაგოგიურ კადრებს ამზადებდა. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს.
ქართული საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა აჭარაში საგანმანათლებლო სისტემის დაფუძნება და განვითარება. 1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. გიმნაზიის შენობის გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა. სასწავლებლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სპორტული დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე – ეკლესია, სააქტო დარბაზი, რვა საკლასო ოთახი, სამხატვრო კლასი, ფიზიკის კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა. იგი პირველი საფეხურის სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა.
1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა, რაც ლოგიკური დაგვირგვინება იყო იმ დიდი საქმიანობისა, რომელსაც ინსტიტუტი წარმატებით ეწეოდა მისი არსებობის თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში.