გრანტი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოში როგორც ცალკეული მასწავლებლების, აგრეთვე საზოგადოდ ამ პროფესიის აღიარება. კოალიციამ “განათლების ყველასათვის – საქართველო” (GCEFA) საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს განხორციელებაზე აკრედიტაცია მიიღო Varkey ფონდისგან, რომელმაც 2014 წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდო დააარსა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს. კონკურსანტების რეგისტრაცია მოხდება ვებ-გვერდზე www.tprize.ge. ჟიური შედგება 18 წევრისაგან – განათლების სპეციალისტები, აკადემიური / საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მოხალისეებად იმუშავებენ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ისინი სამ ეტაპად შეარჩევენ/შეაფასებენ კონკურსანტებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა უნდა გამოავლინოს/წარმოაჩინოს:
- მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესება, სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენებით;
- უნივერსალური/ზოგადი სამოქალაქო ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
- საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
- პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
გრანტის მიზნები
- მასწავლებლის პროფესიის ხელშეწყობა და მისი პრესტიჟის გაზრდა
- საქართველოში გამოჩენილი მასწავლებლების გამოვლენა და აღიარება
- განათლების პროფესიონალი საზოგადოების შექმნა
გრანტის მიმღები
კოალიცია “განათლების ყველასათვის – საქართველო” (GCEFA) 2013 წელს დაარსდა. 15 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი, GCEFA არის განათლების გლობალური კამპანიის წევრი და მხარს უჭერს საქართველოში EFA დეკლარაციის პრინციპების განხორციელებას. ორგანიზაციის მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
კოალიცია არის სამოქალაქო მოძრაობის „გლობალური კამპანია განათლებისთვის“, წევრი. კოალიციის მისიაა გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება. მოძრაობა იუნესკოს გლობალური კამპანიის ეგიდით მიმდინარეობს. GCEFA ახორციელებს საქმიანობას „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
ვადები/განრიგი
1 მარტი | საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის გამოცხადება / რეგისტრაციის და განაცხადების მიღების დაწყება |
---|---|
20 აპრილი | განაცხადებების მიღების შეწყვეტა |
25 აპრილი | განაცხადების გაცხრილვა |
15 ივნისი | ნახევარფინალისტების გამოვლენა (10 წამყვანი კანდიდატი) |
1 სექტემბერი | ფინალისტების გამოვლენა (5 ფინალისტი) |
5 ოქტომბერი | მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დასახელება და გადაცემის ცერემონია |